ისრაელი აშშ-ის მიერ დაგეგმილ საზღვაო ბლოკადას მხარს უჭერს, – ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მტკიცე პოზიციას“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
მისივე თქმით, კვირას, ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ „ცენტრალური საკითხია ყველა გამდიდრებული [ბირთვული] მასალის ამოღება და იმის უზრუნველყოფა, რომ აღარ მოხდეს გამდიდრება“.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, ვენსმა მას პაკისტანიდან უკან დაბრუნებისას თვითმფრინავიდან დაურეკა და ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას განახორციელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ბლოკადა გავრცელდება ყველა ქვეყნის გემებზე, რომლებიც ირანის პორტებში შედიან ან გამოდიან – როგორც ირანში, ასევე სპარსეთისა და ომანის ყურეებში.
















