ბელგოროდის ოლქზე გახშირებული დარტყმების გამო, ორშაბათს და სამშაბათს დაიხურება სავაჭრო ცენტრები, ასევე შეწყდება სასწავლო პროცესი სკოლებსა და კოლეჯებში, მათ შორის დისტანციური სწავლება. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამასთან, გუბერნატორი აღნიშნავს, რომ ყველაზე რთულია საბავშვო ბაღების დახურვა.
„ჩვენ მოგმართავთ თხოვნით, თუ არის შესაძლებლობა, რომ ბავშვები ორშაბათს და სამშაბათს სახლში დარჩნენ. ამის შესაძლებლობა თუ არ არის, დავეხმარებით მშობლებს, თუ ისინი მუშაობენ კრიტიკულ სამსახურებში. გასაგებია, რომ აღმზრდელები, ძიძები და ტექნიკური პერსონალიც ღელავს“, – განაცხადა გუბერნატორმა.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ხუთშაბათს შემდეგ ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავებულია 33 ადამიანი.