ბელგიის პროკურატურა – მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშროუი დაკავებული არ არის

ბელგიის ფედერალური პროკურორის განცხადებით, ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტების ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე ნაჯიმ ლაშროუი ამ დრომდე იძებნება. ბელგიურ მედიაში ლაშროუის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაჯიმ ლაშროუიმ აეროპორტის ტერიტორიიდან მიმალვა მას შემდეგ შეძლო, რაც მისი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა. სპეციალისტების ინფორმაციით, ლაშროუის ბომბი სამიდან ყველაზე ძლიერი იყო და აფეთქების შემთხვევაში მსხვერპლის რაოდენობა უფრო დიდი იქნებოდა.

ამასთან, პოლიცია ტერაქტების კიდევ ერთ თანამონაწილეს ეძებს, რომლის ვინაობა დადგენილი არ არის.

პროკურორის თქმით, ბრიუსელის შაერბეკის რაიონში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცველებმა 15 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, 15 ლიტრი აცეტონი, დეტონატორები და ლურსმნებით სავსე ჩანთა აღმოაჩინეს.

ამას გარდა, პროკურატურამ დაადგინა, რომ მეტროსადგურში თავი აიფეთქა ხალიდ ელ-ბაკროუიმ, ხოლო მისმა ძმამ ბრაჰიმმა აეროპორტში აიფეთქა თავი. ამ დრომდე არ არის დადგენილი აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე მეორე თვითმკვლელის ვინაობა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად გარდაიცვალა 31, ხოლო დაშავდა 261 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მშობლებს მოუწოდებს, ”კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესებში” ნუ ჩაერთვებიან
შემდეგი სტატიამამუკა კაციტაძე: ხუთი საკითხიდან ოთხზე კოალიციამ დამატებითი დრო ითხოვა