ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გერმანიის მოქალაქე, რიკო კრიგერი შეიწყალა, რომელსაც მინსკის სასამართლომ ტერორიზმისა და სხვა ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას Deutsche Welle ბელარუსის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლუკაშენკომ „გერმანიის მოქალაქის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღო“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურმა.
მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ ბელარუსში მყოფი გერმანიის მოქალაქე შეიწყალეს.
30 წლის გერმანელმა მამაკაცმა ბელარუსის პრეზიდენტს სახელმწიფო მაუწყებლის ეთერით შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ალექსანდრე ლუკაშენკომ შეწყალების თხოვნის განხილვასთან დაკავშირებით 30 ივლისს მინსკში შეხვედრა გამართა.
„მე უკვე ვთქვი, რომ ყველაზე რთული რამ პრეზიდენტის ცხოვრებაში არის ისეთი შემთხვევები, რომლებიც სიკვდილით დასჯას უკავშირდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე.
ინფორმაციისთვის, გერმანიის მოქალაქე დამნაშავედ ცნეს ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ექვს მუხლში, მათ შორის არის ტერორიზმი. რიკო კრიგერმა განაცხადა, რომ უკრაინამ გასულ წელს ბელარუსის სამხედრო ობიექტებისთვის ფოტოების გადაღება სთხოვა. კრიგერს ასევე ბრალი დასდეს მინსკში რკინიგზის ხაზზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დაყენებაში.