BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე უპრეცედენტო სპორტული და პოლიტიკური სკანდალი აგორდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პირადად სთხოვა ფიფა-ს (FIFA), გადაეხედა ამერიკელი თავდამსხმელის, 25 წლის ფოლარინ ბალოგუნის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციისთვის.
ბალოგუნმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და ბელგიის წინააღმდეგ მერვედფინალური შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა. თუმცა, ტრამპის ჩარევის შემდეგ, ფიფა-მ შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო — ავტომატური ერთმატჩიანი სასჯელი 12 თვით „შეაჩერა“, რამაც უფლება მისცა ტურნირზე 3 გოლის ავტორ ამერიკელ ფორვარდს, ბელგიის წინააღმდეგ სიეტლში ითამაშოს.
ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო ფეხბურთში უდიდესი პროტესტი მოჰყვა. უეფა-მ (UEFA), ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ და ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ფიფა მკაცრად გააკრიტიკეს. უეფა-ს განცხადებით, მომხდარი „საფრთხის ქვეშ აყენებს ფეხბურთის პატიოსნებასა და იმიჯს“.
თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ფიფა-მ „სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ და ბალოგუნის დასჯა ტურნირს „დიდ ლაქად“ დააჩნდებოდა. მან დაადასტურა, რომ ესაუბრა ფიფა-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის არ უბრძანებია სასჯელის გაუქმება, არამედ მხოლოდ საქმის გადახედვა სთხოვა, რადგან მისი აზრით, იქ ჯარიმაც კი არ ყოფილა. ტრამპმა მატჩის ბრაზილიელ მსაჯს, რაფაელ კლაუსს „საშინელი“ და „ცოტათი ეჭვმიტანილი“ უწოდა.
თავის მხრივ, ჯანი ინფანტინომ სოციალურ ქსელ X-ში დაადასტურა ტრამპის ზარი, თუმცა აღნიშნა, რომ ფიფა-ს იურიდიული ორგანოები დამოუკიდებლები არიან:
„მე ვკითხულობ ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებებს. ხანდახან მიკვირს, ხანდახან ვეთანხმები, ხანდახან კი არა. თუმცა, რასაც ყოველთვის ვაკეთებ, არის ამ ორგანოების ავტონომიის პატივისცემა. მოგვწონს თუ არა გადაწყვეტილება, ეს არარელევანტურია“.
ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ „გაოგნებულია“ მომხდარით. ფიფა კი BBC Sport-თან დამატებითი კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

















