ფრანკფურტის აეროპორტის ექვს თანამშრომელს მალარიის ინფექცია დაუდასტურდა. მათგან ერთი პირი გარდაიცვალა, ხუთი კი ამჟამად შესაბამის მკურნალობას გადის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აეროპორტის მმართველი კომპანიის, Fraport-ის წარმომადგენელმა ტრაგიკული ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა: „სამწუხაროდ, უნდა დავადასტუროთ, რომ ინფექციით ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა“.
გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებული კოღო ქვეყანაში თვითმფრინავით ჩაფრინდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალური ხაფანგები დამონტაჟდა. დაჭერილი მწერები ლაბორატორიაში გაიგზავნება, რათა ზუსტად დადგინდეს მათი სახეობა და წარმოშობის ადგილი.
კომპანია Fraport-ის განცხადებით, პერსონალს შექმნილი სიტუაციის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს და მოუწოდეს, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო პერსონალს.

















