“BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში დამოუკიდებელი გამოძიება ვერ ჩატარდება, ვინაიდან ყველა უწყება ბიძინა ივანშვილს ექვემდებარება” – ექსპერტები

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის “აღიარება”, რომ შსს BBC-ის მიერ დასახელებულ ქიმიურ ნივთიერებას, ბრომობენზილ ციანიდს ფლობს, რომელიც ბრიტანული გამოცემის გამოძიების მიხედვით, გასული წლის საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს, შესაძლოა საერთაშორისო გამოძიების გამძიების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდეს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში დამოუკიდებელი გამოძიება ვერ ჩატარდება, ვინაიდან ყველა უწყება ბიძინა ივანშვილს ექვემდებარება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადამიანის უფლებათა მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ისინი უახლოესი მომავალში შეეცდებიან გაარკვიონ რა სახის საერთაშორისო გამოძიება შეიძლება ჩატარდეს და რა კონკრეტული, ეფექტიანი გზები შეიძლება მოიძებნოს ამისთვის.

გამოსაკვლევია სხვადასხვა გზები, ერთი ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართულებით, მეორე მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ რა სახის საერთაშორისო გამოძიება შეიძლება ჩატარდეს ამ ყველაფერზე და ჩვენ ამით დავკავდებით უახლოესი დროის განმავლობაში, რათა გამოვარკვიოთ რა კონკრეტული, ეფექტიანი გზები შეიძლება მოიძებნოს ამისთვის.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” მას შეუძლია წავიდეს და ბრიტანეთში უჩივლოს BBC-ის და სხვათა შორის ძალიან საინტერესო იქნება, როგორ დამთავრდება ეს დავა,” – ამბობს სანდრო ბარამიძე.

ჯგუფ “ფარის” წევრის, გიორგი თავდგირიძის თქმით, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები მოითხოვენ ისეთი საბუთების ერთობლიობას, სადაც შეიძლება ერთი კვალი წაშალო, ერთი განკარგულება წაშალო, ან ერთი დამნაშავე დამალო, მაგრამ ისეთ სისტემაში, როგორიც შსს-ა ძნელია კვალი დამალო.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიება წარმატებული იქნება და მტკიცებულებებსაც მოიპოვებს.

გამოძიების ინიცირება დაველოდოთ როგორ მოხდება. ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს ქართველების მხრიდან ინიცირებული და ჰააგამ თვითონ დაიწყოს გამოძიება. ის თვითონ მოიპოვებს მტკიცებულებებს, მტკიცებულებების შეგროვების ტვირთი არის იმ გამომძიებლებზე, რომლებიც ჩაერთვებიან, რომლებიც იქნება მიმაგრებული, რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას და ეს გამოძიება იქნება არა მხოლოდ ის, რომ მომიტინგეებს გამოკითხავენ და რაღაცა შედეგებს გაზომავენ მარტო, ეს იქნება მოთხოვნა იმ საბუთების ერთობლიობის, სადაც შეიძლება ერთი კვალი წაშალო, ერთი განკარგულება წაშალო, ან ერთი დამნაშავე დამალო, მაგრამ რეალობაში, ისეთ სისტემაში როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროა ძნელია დამალო კვალი.

ამიტომ, ის რომ საერთაშორისო გამოძიება იქნება წარმატებული და მოიპოვებს მტკიცებულებას, ამაში ეჭვი არ შეგვეპაროს,” – თქვა გიორგი თავდგირიძემ.

“მართლმსაჯულების სახლის” თავმჯდომარე, ეკა ბესელია განმარტავს, რომ საერთაშორისო გამოძიება რთული პროცესი იქნება, თუმცა აუცილებელია, რათა ზუსტად ვიცოდეთ რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს მოქალაქეების მიმართ, ასევე განისაზღვროს პასუხისმგებლობის საკითხი.

ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი და ნდობის მატარებელი საგამოძიებო ჯგუფის მხრიდან, ჩვენ ქვეყანაში არ გვყავს ასეთი ნდობის მატარებელი არცერთი საგამოძიებო, დამოუკიდებელი ორგანო/სტრუქტურა. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში უნდა მოხდეს. იქნება რთული პროცესი, მაგრამ არის აუცილებელი რამ იმისთვის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, პირველ რიგში რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ჩვენი მოქალაქეების მიმართ და მეორე, პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვროს ზუსტად.

ამიტომ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი, გამოძიებული. აქ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა იქნება ძალიან ღირებული და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

banner
წინა სტატიაშიBBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ქართველი რესპოდენტი სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა
შემდეგი სტატია“BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია” – კობახიძე BBC-ს სტანდარტს უწუნებს