ირაკლი კობახიძე BBC-ის სტანდარტს უწუნებს და გავლენიან ბრიტანულ მაუწყებელს “სიცრუის გავრცელებაში” ადანაშაულებს. ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სამწუხაროდ, BBC, რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე გაავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორითაც Fake ტელევიზიები საქართველოში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, BBC-იმ ამ შემთხვევაში, რაც არის ძალიან სამწუხარო და დასანანი.
ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როდესაც BBC კადრულობს ტყუილს ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი” – ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძე ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილზეც საუბრობს, რომელიც BBC-ის გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტია. “ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ ჩახუნაშვილის დასკვნაზე დაყრდნობა “ბიბისის სტანდარტების დონეზე მიუთითებს”.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა ბიბისი, მეტყველებს ამ ტელევიზიაიში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბალი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, ერთ-ერთი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა ბიბისი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა, – ამბობს კობახიძე.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
გომელაური ადასტურებს, რომ შსს BBC-ის გამოძიებაში დასახელებულ ნივთიერებას ფლობს – რას ამტკიცებს ექს მაღალჩინოსანი
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც სუს-ში განმარტავენ, “გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია”.
განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.



















