ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკა ყველაზე დიდ ზრდას აჩვენებს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ მესამე კვარტალში 4,3% შეადგინა, წინა კვარტლის 3,8%-თან შედარებით. ამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდის უმაღლესი მაჩვენებელი გახდა.
ანგარიშმა აჩვენა, რომ შრომის ბაზრის ზრდის შენელებისა და ინფლაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიუხედავად, სამომხმარებლო ხარჯები წლიურად 3,5%-ით გაიზარდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, 2025 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ეკონომიკა სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო და მიგრაციულ პოლიტიკაში განხორციელებული მკვეთრი ცვლილებების, ისევე, როგორც ბიუჯეტის შემცირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგიერთ სფეროში, მაგალითად, იმპორტსა და ექსპორტში მკვეთრ რყევებს იწვევდა, მთლიანობაში ეკონომიკამ, პროგნოზების საწინააღმდეგოდ, მდგრადი დინამიკა შეინარჩუნა.
ანალიტიკოსების შეფასებით, წლის მესამე კვარტალში მომხმარებელთა ხარჯების ზრდა ჯანდაცვის ხარჯების ზრდამ განაპირობა.















