,,ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა”-აკაკი ზოიძე

region
ავტ.: region აპრილი 23, 2019 16:18

,,ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა”-აკაკი ზოიძე

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, კარგია, რომ მთავრობას პრობლემასთან გასამკლავებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს ჩამოყალიბებული.

„გეგმა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩაღრმავებული, ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს იმის თაობაზე, საიდან არის ეს ექსპოზიცია ტყვიასთან. საყურადღებოა, რომ თბილისში, სადაც თითქოს და უნდა ყოფილიყო ტყვიის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ეს ასე არ არის და სინამდვილეში შედარებით მაღალი კონცენტრაცია რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. სწორედ კომპლექსური კვლევის ჩატარების აუცილებლობას ჰაერში, გარემოში, ნიადაგში და საკვებში, წყაროს დასადგენად. ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჰაერში მონიტორინგი ტარდება მუდმივად“, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის კომიტეტმა გააკეთა თემატური მოკვლევა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით და გამოჩნდა, რომ ჰაერი წესით ძირითადი დაბინძურების წყარო არ უნდა იყოს ისევე, როგორც ბენზინი და ანალოგიური მდგომარეობაა საკვებთან მიმართებაში.

„გვახსოვს, სუნელებთან დაკავშირებული შემთხვევები, მაგრამ ვინაიდან ბავშვები სუნელებს ამ ასაკში არ მოიხმარენ და კვლევის შედეგები კი ეხება 2-დან 7 წლამდე ბავშვებს, იმ ასაკს, როდესაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანი ტყვიის მავნე ზემოქმედების მიმართ, ესეც ვერ იქნება ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მომატების მიზეზი. მას შემდეგ, რაც ტყვიით დაბინძურების წყარო დადგინდება, პროფილაქტიკურ სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება კონკრეტული მიზეზის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა ზოიძემ.

საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობს, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებს, ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.

region
ავტ.: region აპრილი 23, 2019 16:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,634
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics