“ბავშვთა სამყაროს” განცხადება

სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“ განცხადებას ავრცელებს:

“2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად და უკიდურესად დაზარალებული პირის- სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს წინააღმდეგ არ ცხრება მიზანმიმართული, დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული კამპანია.

ბოლო დღეებში ამ პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში გავრცელდა კიდევ ერთი ამაზრზენი ცილისწამება, თითქოსდა სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-სთან კავშირში მყოფმა პირმა ვალების გამო ჩამოიხრჩო თავი .

სს “სავჭრო სახლი ბავშვთა სამყარო” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და აცხადებს, რომ გარდაცვლილ პირს არავითარი კავშირი არ ჰქონია „ბავშვთა სამყაროსთან“.

ადამიანის სიცოცხლით სპეკულირება, გამოძიებაზე ზეწოლისა და საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით კონკრეტული ქმედებები, მიგვაჩნია უკიდურესად ამორალურ ქცევად და ხელს არ უწყობს რეალური პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას. გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩვენი მოიჯარის ვალის გამო თავის ჩამოხრჩობა ისეთივე სიცრუეა, როგორც წილისმწამებელთა განცხადებები, თითქოს ზოგიერთი მათგანის ზარალი 100 ათასობით ლარს აღემატება.

გვიჩნდება ეჭვი, რომ პირმა (ან პირთა ჯგუფმა), რომელმაც გადაგვიწვა ქონება, მიაღწია მიზნის პირველ ეტაპს და ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელება-ზონდირებით ცდილობს, შეამზადოს ნიადაგი, რომ როგორმე ხელში ჩაიგდოს ჩვენი დარჩენილი ქონება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად იქნეს გამოძიებული კონკრეტული ფაქტი. ” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: „დეპუტატებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საზოგადოებისთვის მტკივნეული პრობლემები ოპერატიულად წამოსწიონ!“
შემდეგი სტატია“ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ” – ქუმსიშვილი ლარზე