“ბავშვებს თეთრი პერანგების ფრიალი აუკრძალა” – ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექტორის გადადგომას ითხოვენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, დოდო ცქვიტაიამ ბოლო ზარის ჩატარება აუკრძალა. “სასჯელის” მიზეზი, ბოლო პერიოდში საგაკვეთილო პროცესების გაცდენა იყო. თუმცა, განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 24 აპრილიდან მე-12 კლასის მოსწავლეს, თავისუფალი დასწრებით სარგებლობის უფლება გააჩნია. შესაბამისად, მათ გაკვეთილების გაცდენის სრული უფლება ჰქონდათ.
მოსწავლეები დირექტორისა და მისი თანაშემწეების გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ ხელი ეშლებათ გამოცდების ჩაბარებაშიც, რადგან საგამოცდო პროცესი ბოლო 2 დღეა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
“პატივცემულმა დირექტორმა აგვიკრძალა ბოლოზარის ჩატარება, მიზეზად კი დაასახელა ის, რომ არ დავდიოდით თავისუფალ დასწრებაზე. განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ჩვენთვის კანონი, რომ თავისუფალ დასწრებაზე თუ უნდა მოვა მოსწავლე, თუ უნდა არ მოვა. რადგან ჩვენი ნება-სურვილი იყო, ჩვენ არ დავდიოდით. აქედან გამომდინარე, როცა 24 აპრილიდან, როცა ბავშვები არ დავდიოდით სკოლაში, კაბინეტში დაიბარა ჩვენი დამრიგებელი და მასწავლებლები და უთხრა, რომ თუ ბავშვებს არ მოიყვანთ სკოლაში ძალით, ხელფასებს ჩამოგაჭრითო. გარდა ამისა, ბოლო ზარის დღეს, როცა სკოლიდან გავედით, მოგვაწყევლა და ასეთი ფრაზა თქვა “თქვენს მშობლებთან მკვდრები მოესვენებინოთ”. სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ გვიწოდებენ თავხედებს, რადგან გვაქვს რეაქცია იმაზე რაც ხდება. მივმართავ თითოეულ მათგანს, ჩვენ ერთად ვდგავართ და ვიდგებით ერთად, ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. ჩვენი დევიზია ის, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ სამართლიანი მმართველობა, არ უნდა დარჩეს ეს დირექტორი ამ სკოლაში”, – განაცხადა ცირა აშორტიამ.
დოდო ცქვიტაია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ის მშობლებისა და მოსწავლეების ბრალდებებს უარყოფს და შესაბამის უწყებებს პროცესების გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებს.
“კატეგორიულად ვუარყოფ მოსწავლეებისა და მშბლების ბრალდებას. არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. მათ ბოლო ზარი დაგეგმილი არც ჰქონიათ. უნდოდათ სკოლის ეზოში კონცერტის მსგავსი რაღაც გაეკეთებინათ. არც გარე და არც შიდა პერიმეტრი მათთვის დახურული არ ყოფილა. მე იმ დღეს ვიჯექი ოთახში და უბრალოდ, არ ვმონაწილეობდი მათ ღონისძიებაში”, – აღნიშნა ცქვიტაიამ.
მე-12 კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ პრობლემა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა სკოლაში მოსულ მოსწავლეებს საკუთარი საკლასო ოთახის კარები დაკეტილი დახვდათ, გასაღები კი არც მას და არც მოსწავლეებს არ ჰქონდათ.
“დილით, როცა რამდენიმე ბავშვი მოვიდა, კარები დაკეტილი დახვდათ, გასაღები მე არ მქონდა, ამის შემდეგ ჩავიდნენ ისინი ქვემოთ და პრობლემაც აქედან დაიწყო. 24 აპრილის მერეც დადიოდნენ ბავშვები სკოლაშ. მართალია მთელი შემადგენლობა არა, მაგრამ რამდენიმე მაინც მოდიოდა ხოლმე. მათ თავისუფალი დასწრების უფლება ჰონდათ და არ იყვნენ ვალდებულები სრულყოფილად დასწრებოდნენ გაკვეთილებს”, – აღნიშნა ნინო ფარცვანიამ.
საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ჩაერთო. როგორც ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკადუა “თაიმერთან” საუბრისას განმარტავს, ის არგუმენტი, რომელიც ბოლო ზარის აკრძალვასთან დაკავშირებით დირექტორმა მშობლებსა და მოსწავლეებს გააცნო, არ შეიძლება ბოლო ზარის აკრძალვის მიზეზად ჩაითვალოს.
“არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილიდან მე-12 კლასის მოსწავლეს, თავისუფალი დასწრებით სარგებლობის უფლება გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინაიდან მოახლოებულია ეროვნული გამოცდები, აღნიშნულ პირებს უფლება ჰქონდათ არ დასწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ეს არ ჩაეთვლებოდათ გაცდენად. შესაბამისად, არგუმენტი, რომელიც დირექტორმა დაასახელა, არ უნდა გამხდარიყო “ბოლო ზარის” ჩატარების აკრძალვის მიზეზი”, – განმარტა ჯემალ ჭკადუამ.
ცნობისთვის, დოდო ცქვიტაია დაახლოებით 23 წელია აღნიშნული სკოლის დირექტორია და მისი მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, მსგავსი ფაქტი 2003 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა, მაშინდელი მიზეზი უფრო მძმე და გაურკვეველია.

მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშილინდსი გრემი -საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია
შემდეგი სტატიაოთხსართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს – ხანძარი ზუგდიდის რაიონში