14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ხელშესაწყობად ბრიუსელმა ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია წარადგინა

EU-ში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ხელშესაწყობად ბრიუსელმა ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია წარადგინა.

ევროპის ქვეყნები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. საფრანგეთმა შესაბამისი აკრძალვა უკვე დაამტკიცა; დანიამ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია; ესპანეთი კიდევ უფრო მკაცრ, 16-წლიან ზღვარს განიხილავს; საბერძნეთი კი, რომელიც საკუთარი აკრძალვის ამოქმედებას 2027 წლიდან გეგმავს, ახლა ევროკავშირს ერთიანი ევროპული მიდგომის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალური მედიის პლატფორმებს უკვე განუცხადა, რომ ონლაინ სივრცეში ბავშვების დაუცველობის გასამართლებლად “მეტი მიზეზი აღარ არსებობს” და დააანონსა, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა.

აპლიკაცია მომხმარებლებისგან ასაკის ოფიციალური დოკუმენტებით ან ციფრული პირადობის მოწმობებით დადასტურებას ითხოვს. ამის შემდეგ სისტემა ე.წ. “ნულოვანი ცოდნის დასაბუთების” ტექნოლოგიით გასცემს დასტურს – პლატფორმები ასაკის დადასტურებას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე იღებენ.

“აპლიკაციის კოდი ღიაა, შექმნილია ეროვნულ ციფრულ საფულეებში ინტეგრაციისთვის და სრულად თავსებადია TikTok-თან, Instagram-თან, Facebook-სა და Snapchat-თან”, – წერს Euronews.

შეგახსენებთ, რომ ოთხივე პლატფორმის წინააღმდეგ, არასრულწლოვანთა დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ევროკავშირის გამოძიება მიმდინარეობს. ევროკომისიის ბავშვთა უსაფრთხოების საბჭო საკუთარ ვერდიქტს ამ ზაფხულს გამოაცხადებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები პოსტებზე აღდგნენ
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი: ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასოდეს დიფსტეიტის გეგმა საქართველოში