“ბატონო კალაძე, თქვენ ხართ ჩინოვნიკურ-კაბინეტურ ხიბლში შესული” – ვაშაძე პარკირების წესის დარღვევაზე გაზრდილ ჯარიმაზე

“გაჭირვებულ ხალხს მიადექით და ჯარიმას უძვირებთ,” – ამ შეფასებით “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ პარკირების წესის დარღვევაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს.

“დღეს დედაქალაქის მერი გამოვიდა და ზარზეიმით გვამცნო, რომ თურმე პარკირების ჯარიმები იზრდება 10 ლარიდან 50 ლარამდე. ბატონო კალაძე, თქვენ ხართ ჩინოვნიკურ-კაბინეტურ ხიბლში შესული. თქვენ ხართ კორუმპიებული ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აღელვებს რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, საშინელი სოციალური ფონია და სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც მივიღეთ თქვენი მმართველობის 2 წლის თავზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პიკის საათში ადგილი არ არის. მეტროში ვერ ჩადის ადამიანი. გადათხრილია მთელი ქალაქი და ჭავჭავაძეზე, თქვენი სახლის წინ გზა არათუ გახსნილი არ არის, გადათხრილია და 2 კაცი ძლივს მუშაობს ამ ტერიტორიაზე. მაგრამ თქვენ ეს არ გაღელვებთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერში ფულს აკეთებთ. ახლა კი გაჭირვებულ ადამიანებს გინდათ მიადგეთ და უძვირებთ ჯარიმას. სად უნდა დააპარკინგოს ადამიანმა მანქანა?! გაუსაძლისია უკვე ამ ქალაქში ცხოვრება,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“ამდენ უმადურს ცოცხლად გავატყავებდი და შემდეგ დავწვადი”- შსს აკადემიის პრორექტორი
შემდეგი სტატიახოშტარია: პროკურატურა და სასამართლო მსჯელობენ კანონიერია თუ არა, რომ გომურს არ აქვს თვალი