ბატონ ქუმსიშვილს შეეშალა დათვლა

ზურაბ ჭიაბერაშვილი,,საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას. მან განაცხადა, რომ შეუძლებელია ბიუჯეტის ისე შეკვეცა, რომ ,,ევროპული საქართველოს’’ მიერ წარდგენილი საგადასახადო ინიციატივები განხორციელდეს. საგადასახადო ინიციატივები გულისხმობს რამდენიმე მიმართულებით გადასახადების შემცირებას ან საერთოდ გაუქმებას. ჩვენ, გვინდა, ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ბატონ ქუმსიშვილს შეეშალა დათვლა. ჩვენი საგადასახადო ინიციატივები არ ითვალისწინებს მილიარდ ნახევრით ბიუჯეტის შემცირებას. დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი იქნება ის თანხა, რაც შეიძლება ბიუჯეტს დააკლდეს, მაგრამ ეს რეზერვი ბიუჯეტში ნამდვილად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ უკიდეგანოდ არის გაზრდილი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მინისტრების, ჩინოვნიკების ხელფასები. ქუმსიშვილის პასუხი მიუთითებს ერთ რამეს, ის თავდაცვით პოზიციაშია. კატეგორიულად არ უნდა არც ქუმსიშვილს, არც ბატონ კვირიკაშვილს და არც სხვა მინისტრებს მოიკლონ საკუთარი კეთილდღეობა, პრემიები, დანამატები, ჩაწყობილი ტენდერები, კორუფციის შედეგად გაზრდილი პირადი სარგებელი და ამისათვის ისინი კვლავ ცდილობენ, რომ მძიმე გადასახადებით მოახრჩონ მცირე და საშუალო ბიზნესი. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ თავად ბატონმა ქუმსიშვილმა 2016 წლის სექტემბერში, პარლამენტში წარმოადგინა 2017 წლის ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც საბოლოოდ დამტკიცებულ, დღეს მოქმედ ვარიანტზე მილიარდ ორასი მილიონით ნაკლებ ხარჯს ითვალისწინებდა და მინდა დავსვა კითხვა, თუ კი შესაძლებელი იყო 2016 წლის სექტემბერში დაგეგმილიყო 2017 წლის ბიუჯეტი ისე, რომ არ გაზრდილიყო მილიარდზე მეტით ხარჯი, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ივანიშვილის ბიუროკრატიამ ეს ხარჯი მოიკლოს? საზოგადოებას შევახსენებ, ეს მილიარდზე მეტი ნამატი არ ითვალისწინებდა ერთი თეთრითაც კი პენსიის მატებას, არ ითვალისწინებდა პოლიციელებისათვის ხელფასის მატებას. ანუ ისევ ეს ნამატი, რომელიც საბოლოოდ დაუმატა ,,ქართულმა ოცნებამ’’ და რომელიც საბოლოო ჯამში მოპარეს სწორედ ხალხს ჯიბიდან, წაართვეს გაზრდილი გადასახადების სახით მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს ფული ისევ და ისევ მიმართეს საკუთარ პირად კეთილდღეობაზე და იმ ტიპის პროგრამებზე, საიდანაც სარგებელს მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები ნახულობენ. ჩვენ გვაქვს გაკეთებული ძალიან მკაფიო დათვლა რას რა შეიძლება მოაკლდეს იმისათვის, რომ მილიარდ ორას მილიონამდე ხარჯი იქნას შეკვეცილი ბიუჯეტში. ეს არ ითვალისწინებს ჯანდაცვის ან განათლების ხარჯების შეკვეცას, მთლიანად აქ აქცენტი გაკეთებულია ბიუროკრატიული სამთავრობო ადმინისტრაციული ხარჯის შეკვეცაზე და იმაზე, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ შეძლოს გადასახადების გაზრდით მცირე და საშუალო ბიზნესზე წურბელასავით კისერზე დაჯდომით საკუთარი კეთილდღეობის და ფუფუნების გაზრდა. დეკემბერში, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ბიუჯეტის ალტერნატიული ვარიანტი და ეს რიცხვები ეყრდნობა სწორედ ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული ბიუჯეტის მონაცემებს. დღესაც, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ კი ,,ქართული ოცნება’’ რეალურად თავად შემოიჭერს ქამრებს და არა ხალხს, მაშინ შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშნული პროგრამა, რითაც აუცილებლად მივიღებთ ეკონომიკურ ზრდას, ფასების დასტაბილურებას და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას. ჩვენ ინიციატივები გუშინ უკვე დავარეგისტრირეთ პარლამენტში და ბუნებრივია, გაგრძელდება ჩვენს მიერ ამ ინიციატივების გაცნობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ თავისუფლად შესაძლებელია ამ ყველაფრის შესრულება’’,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის მანქანა დაიწვა
შემდეგი სტატიაშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა