“ბატონ ჯანელიძეს, ჩემი განცხადების გამო, ქომაგობა არ სჭირდება”

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, საგარეო საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ მინისტრისთვის კომპეტენცია არ დაუწუნებია.

როგორც ქანთარიამ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა, “2030”-ში განაცხადა, მას სიტყვა კომპეტენცია დღევანდელ განცხადებაში საერთოდ არ უხსენებია.

“ეს იყო აურზაური არაფრის გამო. თანაგუნდელების ერთსულოვნებას მივესალმები, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მეც მათ მხარეზე ვარ. ბატონ ჯანელიძეს, ჩემი განცხადების გამო, ქომაგობა არ სჭირდება. თანაგუნდელებს მინდა ვურჩიო, კომენტარის გაკეთებისას ორიგინალს დაეყრდნონ. მინისტრს კომპეტენციას არ ვუწუნებ. ეს სიტყვა საერთოდ არ მიხსენებია. მე ვსაუბრობდი გამოცდილებაზე. იგივეს ვიტყვი ქალბატონ ხიდაშელზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრისთვის საჭირო კომპეტენცია აქვს, მაგრამ არ აქვს საომარი გამოცდილება”, – განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება, ამისთვის ქართული მხარე სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული.

“თუ ეს შეხვედრა საერთოდ შედგება, უმჯობესია, სათანადოდ მოვემზადოთ. რუსეთთან პირისპირ ჯდომასა და მოლაპარაკებებში 8 წლიანი პაუზა გვაქვს. საუბარი ამაზეა და არა საერთოდ, მოლაპარაკებების გამოცდილებაზე. ჩვენმა ხელისუფლებამ, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, მოახერხა და რუსეთთან ერთიერთობა დიპლომატიურ ველზე გადმოიტანა. ეს ველიც ომი და ბრძოლაა, მხოლოდ – დიპლომატიური, რასაც გამოცდილება ასევე სჭირდება”, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიჰააგის გადაწყვეტილებაზე თეა წულუკიანი ბრიფინგს მართავს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყებამ სოხუმში რუსეთ-სომხეთს შორის ფეხბურთში შეხვედრა გააპროტესტა