ბათუმში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა

region
ავტ.: region ივლისი 26, 2020 13:21

ბათუმში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და
ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ბათუმში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნომერი ორ ქალაქს – სოხუმსა და ბათუმს

მიეძღვნა და მასში თანამედროვე ქართველი და აფხაზი პოეტების  ნაწარმოებები შევიდა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ.

პრეზენტაციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალი „რიწის“ ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.

ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა როგორც ქართველი, ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა. განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე ჟურნალი მკითხველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახდა.

region
ავტ.: region ივლისი 26, 2020 13:21