ბათუმში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სახალხო დამცველი ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაზარალებულებს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. ასევე გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოითხოვეს თუ არა წესების დაცვა შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებებმა.

“თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა.საქართველოს სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უასფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი.საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის,”- ნათქვამია სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებაში.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 11 ადამიანი. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის ვინაობა
შემდეგი სტატიაარის ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება – ზურაბ პატარაძე