ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონიან გრანტს ხელი მოეწერა

საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა – სანაპირო ზოლის დაცვა – ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II“ დაფინანსებისათვის.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა, ქრისტიან შაუბმა (Christian Schaub).

ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყოფილი 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი მიმართული იქნება ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კომპონენტის დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი”, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციას.

პროექტი ხორციელდება ოთხ ფაზად და დღემდე გამოყოფილია, 119 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 30 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით გრანტის ნაწილი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში, რომელიც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

banner
წინა სტატიაშიქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ბრძოლაში დაღუპული ოთარ გოგოხია სენაკში, სამხედრო პატივით დაკრძალეს
შემდეგი სტატიაბათუმში, ყოფილი ხის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახები შეიჭრნენ