ბათუმში, სამორინეში მომხდარი მკვლელობა, სავარაუდოდ, პირად მოტივს უკავშირდება

ბათუმში სამორინე „პრინცესაში” საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. როგორც სამორინეს იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამორინეს ვიდეოჩანაწერები ამოღებული. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე სამორინეს დაცვის წევრებმა დააკავეს და სამართალდამცავებს გადასცენ. კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება.

„დეტალებს ვერ მოგახსენებთ. გუშინ ღამის საათებში მოხდა შემთხვევა. უზბეკეთის მოქალაქეს ცივი იარაღით მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სასტუმროს დაცვის წევრებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიაა ცივი იარაღის სასტუმროში შეტანა, ამას გამოძიება დაადგენს. სამორინეს ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ყველა ინფორმაცია, კამერების ჩანაწერები გამოძიებას გადაეცა. მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება”,- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

ბათუმში, წუხელ, სამორინე „პრინცესაში” ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს – 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს.

ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს“, – ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხმაური ზუგდიდში – გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მისულ ხალხს, სავარაუდოდ, “ოცნების” აქტივისტები უთვალთვალებდნენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავა