შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩაცხრილვის საქმეზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულია 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ.
ა.ე.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარება. ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე.-მ ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ. -ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე.-ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შემთხვევა 18 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, მოკლულს მინიმუმ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

















