22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ბათუმში ევროპის დღე აღინიშნა – ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“

ბათუმში ევროპის დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. ევროკავშირთან, მის წევრ სახელმწიფოებთან, პარტნიორ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან ერთად გამართულმა ღონისძიებამ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და ინტერაქტიული პროგრამა შესთავაზა.

ღონისძიება სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობას მიეძღვნა. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი ევროკავშირის მხარდაჭერის, ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა იყო.

ევროპის დღის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საერთო დემოკრატიული წესებისა და ღირებულებების დაცვას ეფუძნება.

„30 წელზე მეტია, ჩვენ საქართველოს საიმედო პარტნიორები ვართ. ევროკავშირის მხარდაჭერა უცვლელია, ისევე როგორც ჩვენი წესები. ევროკავშირის გზაზე წინსვლა დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება,“ – აღნიშნა ელჩმა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ევროპის გუნდის (Team Europe) ინტერაქტიული სივრცე, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები წარმოდგენილი იყო ბიზნესის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებებით. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სემინარებში, დისკუსიებში, შემოქმედებით აქტივობებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში.

ევროპის დღის პროგრამის ნაწილი იყო ასევე „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ ლაივ-პოდკასტი, სადაც მონაწილეებმა ევროპულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროპულ მომავალზე იმსჯელეს.

დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ფოტოგრაფიის მასტერკლასებში, ვირტუალურ მოგზაურობაში 20-ზე მეტ ევროპულ ქალაქში, გარემოსდაცვით აქტივობებში, საბავშვო თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში. დამატებითი აქტივობები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართა.

ევროპის დღის ღონისძიებებს წინ უძღოდა ევროპული კინოტურის გახსნა, რომელიც 10 ივლისს ბათუმში დაიწყო. ტური 12 ივლისს გურიის რეგიონში, ჩოხატაურში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სადაც ევროპული და ქართული ფილმების ჩვენებები გაიმართება.

დღე ბათუმის ბულვარში გამართული ღია ცის ქვეშ კონცერტით დასრულდა. სცენაზე ქართველი მომღერალი ნათია თოდუა და ქართული ჯგუფი Mechanical Rainbow წარდგნენ, რომლებმაც ევროპის დღის მონაწილეებისთვის სპეციალური მუსიკალური პროგრამა შეასრულეს.

2026 წლის ევროპის დღის მთავარი გზავნილი იყო – „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, რაც ევროკავშირის განცხადებით, ასახავს პარტნიორობას, რომელიც ადამიანების, იდეებისა და საერთო შესაძლებლობების საფუძველზე ყოველდღიურად ვითარდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განათლების, მეწარმეობის, ინოვაციების, კულტურის, გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მიმართულებებით მომავალშიც გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიირანული მედიის ინფორმაციით, ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლება არ უთხოვია
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა