ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, პოლიტიკური პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სამოქალაქო მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.

„ეს აქცია ეძღვნება იმას, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება არის დასაცავი, მაუწყებლის დასაცავად საზოგადოების ყველა წევრი იკრიბება. ყველასია ეს მაუწყებელი, სამოქალაქო ინტერესის ჯგუფს წარმოადგენს, პოლიტიკურ პარტიაშია, აქტივისტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაშია, ყველა უნდა მოვიდეს და დაიცვას. ჩვენ თუ არ დავიცავთ, ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. მაუწყებელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინტერესებისგან არის დასაცავი. ათზე მეტი საქმეა სასამართლოში იმ თანამშრომლების, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ან განდევნეს, ჩვენ ამას არ შევეგუებით და თავისუფლებას არ დავთმობთ“, – განაცხადა ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლებული ადამიანების დაუყოვნებლივ დაბრუნება სამსახურში, მენეჯმენტის მხრიდან ალტერნატიული პროფკავშირების წევრებზე ზეწოლისა და დაშინების შეწყვეტა, ასევე ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა“, – განაცხადა გადაცემა „ჰეშთეგის“ თანამშრომელმა, ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი არობელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: საქართველოს მტერს ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ ყოველთვის
შემდეგი სტატია20 ივნისი რად მიღირდა იცით? მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს