ბათუმში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 31 წლის ბაჩო ბერიძე დაიჭრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცველები ამ დროისთვის ორ პირს ეძებენ. სავარაუდოდ, მსროლელს თანამზრახველი ახლდა, რომელიც მასთან ერთად მიიმალა.
დაჭრილი ბაჩო ბერიძის თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ დედაქალაქში შესაბამის კლინიკას ეძებენ, პროცესში კი ჯანდაცვის სამინისტროც არის ჩართული.
მომხდარს გამოეხმაურა დაჭრილის დედაც:
„იციან და ვერ აკავებენ. მინდა, რომ დააკავონ. ჩემი შვილი პატიოსანი ადამიანია, ველოსიპედებს აქირავებდა და ამით ვირჩენდით თავს… სოციალურად დაუცველი ვარ“.
შეგახსენებთ, შემთხვევა ბათუმში, ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე, 22 ივლისს მოხდა. 31 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.


















