ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ამბობს, რომ აჭარის რეგიონში სააღდგომო ღვთისმსახურება განსხვავებული წესებით ჩატარდება.

დეკანოზმა განაცხადა, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალ ტაძრებში წირვა-ლოცვა ღამისთევით ჩატარდება, თუმცა მრევლი ღვთისმსახურებაზედასწრებას ვერ შეძლებს.

„ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ოდნავი ცვლილებები შევიდა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ლოცვა-კურთხევა, რომ ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალი, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე.

მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას, თავად მეუფე დიმიტრი კი ღვთისმსახურებას ბათუმში სამების დედათა მონასტერში აღასრულებს, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ვინც ვერ შეძლებს ტაძარში მოსვლას, ყველას მიეცემა შესაძლებლობა რომ სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება. ეს ეხება მხოლოდ მონასტრებს“ – განმარტავს იოანე გორელიშვილი.

დეკანოზის ინფორმაციით, დანარჩენ სამრევლო ტაძრებში, წირვა-ლოცვა კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დილის 7 საათიდან დაიწყება.

„რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალ სამრევლო ტაძრებს, ყველა ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემა კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ კანონის დარღვევა.

დილის 7 საათზე დაიწყება სააღდგომო ღვთისმსახურება და ისინი შეძლებენ დაესწრონ ღვთის მსახურებას რა თქმა უნდა დისტანციის დაცვით და ასევე იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული.

ამას გააკონტროლებს სამღვდელოება და იქ მყოფი სტიქაროსნები“, – განაცხადა მამა იოანე გორელიშვილმა.

დეკანოზი აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საფლავებზე გასვლისგან თავი შეიკავოს. სანაცვლოდ კი სთავაზობს, რომ საკუთარ მოძღვრებს გადასცენ მოსახსენიებლები, რის შემდეგაც სასულიერო პირები აღდგომიდან მეორე დღეს გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად ტაძრებში პანაშვიდს აღასრულებენ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?
შემდეგი სტატიანიკა მელია პაატა იმნაძეს- როცა გარკვეულ ეტაპზე თავს არიდებ სიმართლის თქმას და ანგარიშს უწევ კონიუქტურას, შედეგად იღებ უარეს ვითარებას