“ბათუმის წყლის” დირექტორი ბრალდებებს უარყოფს

“ბათუმის წყლის” დირექტორ ალექსანდრე მიქელაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან რესტორან „BK“-ს გაბრაზების ნიადაგზე წყლის მომარაგება შეუწყვიტა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ვეთანხმები პრემიერის განცხადებას და გეტყვით, რომ ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ჩემი კომპანიის რეპუტაცია. პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე ვიღებ, თუმცა მჯერა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არაფერი დამტკიცდება, რადგან ეს არ იყო წყლის მიზანმიმართული გათიშვა. ეს იყო ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული პროცესი, რომელსაც ჩვენი უწყების თანამშრომლები ხშირად ახორციელებენ და ეს უკავშირდებოდა დაზიანებული მილების აღდგენით სამუშაოებს. აქ მიზანმიმართულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია”,- აცხადებს “ბათუმის წყლის” დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე.

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი “ბათუმის წყლის” დირექტორის გადადგომას მოითხოვს. გიორგი კვირიკაშვილი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, მეტი თავმდაბლობა გამოიჩინონ, როდესაც საჯარო სივრცეში იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის წყლის დირექტორს, ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში, რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

banner
წინა სტატიაშიჯავახიშვილი “ბათუმის წყალის'” დირექტორთან დაკავშირებული ბრალდებების გარკვევას გეგმავს
შემდეგი სტატია“მე და საზოგადოებას” სწავლების დაწყება 2017–2018 წლისთვის, სავსებით შესაძლებელია”