ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილთა ახლობლები პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა ახლობლების შეხვედრა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ნათესავთა დაღუპვაში ექიმებს ადანაშაულებენ. ისინი ყველა საქმეზე გამოძიების დაჩქარებასა და პასუხისმგებელი ექიმების მიმართ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ.

„ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი, რომელიმე უწყებისგან ხომ უნდა მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია. გამოძიებები მიდის, დუმს რეგულირების სააგენტო, პროკურატურა, არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი“, – აცხადებს შეხვედრის მონაწილე ლია ლომთათიძე.

დაღუპულთა ახლობლები პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ანალოგიურ შემთხვევებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეისწავლის. ჯანდაცვის მინისტრი მათ შუამდგომლობას დაჰპირდა.

„დაღუპული პაციენტების ახლობელთა გადაწყვეტილებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის დახმარებით მომზადდება წერილი, განისაზღვრება ადრესატი უწყებები, აღიწერება დაღუპულთა ოჯახების მოთხოვნები და ოფიციალური წერილი მიეწოდება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადრესატ უწყებებთან შუამდგომლობის მიზნით. დაღუპულთა ოჯახის წევრების მთავარ მოთხოვნას საპარლამენტო კომისიის შექმნა და შემთხვევების დეტალურად შესწავლა წარმოადგენს“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები გარდაცვალების შემთხვევებს ექიმების დაუდევრობას აბრალებენ. ისინი საქმეების გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილთა შორის იყვნენ 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის, ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის; 53 წლის დალი კეშელავას; 28 წლის თემურ გაბაიძისა და ოთხი წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი.

აქციის მონაწილეებმა ჯერ ბაგრატიონის, ხოლო შემდეგ აბუსერიძის ქუჩა გადაკეტეს, რის შემდეგაც მათთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მივიდა

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალებისა“ თუ „ევროსაქების“ პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს
შემდეგი სტატიასხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა – საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა