ბათუმის საქალაქო სასამართლოში “თანასწორობის მოძრაობის” წევრების საქმესთან დაკავშირებით, მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “თანასწორობის მოძრაობის” წევრების საქმესთან დაკავშირებით, მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაკითხნენ.

როგორც “თანასწორობის მოძრაობის” წევრებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, სამართალდამცავები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“მუცელში მირტყამდნენ. ძირს დამაგდეს ერთ-ერთი პოლიციელი ზურგზე შემდგა და ცდილობდა ხელების შეკვრას. მე წინააღმდეგობას არ ვუწევდი. ორი პოლიციელი მირტყამდა. დამიჭირეს და საპატრულო პოლიციის მანქანით წამიყვანეს. ორი გოგონა მათ არაკანონიერ ქმედებაზე პასუხს სთხოვდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება არ გაგვიწიეს. ტრანსპორტირებისას შსს-ს თანამშრომლები პირადად მეუბნებოდნენ – რატომ გამოდიხართ გარეთ, რატომ არ იმალებიო”, – განაცხადა თორნიკე კუსიანმა სასამართლო პროცესზე.

როგორც სასამართლო სხდომაზე უბნის ინსპექტორმა დავით ბაკურიძემ განაცხადა, ინცინდენტში მონაწილეებმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ. ბაკურიძის თქმით, ისინი სამოქალაქო წესრიგის დარღვევისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

“ლევან ბერიანიძემ და თორნიკე კუსიანმა პოლიციასთან არ ითანამშრომლეს. ინცინდენტის დროს, ღამით ხილვადობა ცუდი იყო, ირგვლივ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. აღნიშნული პირები იგინებოდნენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და სავარაუდოდ ყველაფერი გამოიკვეთება. აღნიშნული პირები პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჩვენი მისამართით იგინებოდნენ. იზოლატორისკენ ტრანსპორტირებისას დაკავებულები შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ამბობდნენ, რომ თქვენ, 800-ლარიანმა პოლიციელებმა არ იცით ვინ უნდა დააკავოთო. ფაქტობრივად მათხოვრები გამოგვიყვანეს. ეს ადამიანები არსებულ სიტუაციას სპეციალურად ართულებენ”, – განაცხადა შსს-ს თანამშრომელმა სასამართლო პროცესზე.

“თანასწორობის მოძრაობის” წევრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 24 აგვისტოს ღამით დააკავეს. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დაკავებულები გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა კონსტანტინე ვარძელაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომა დატოვა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა