ბათუმის საქალაქო სასამართლომ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი არ დააკმაყოფილა.

საია ბათუმის საკრებულოს 27 სექტემბრის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლითაც ბიუჯეტი 2 მილიონ 250 ათასი ლარით გაიზარდა.

საია-ში მიიჩნევდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება კანონდარღვევა იყო.

“ჩვენ ვამტკიცებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონით, წინასაარჩევნო პერიოდში, ბიუჯეტში ნებისმიერი სახის ცვლილება აკრძალულია. ამიტომ, მოსამართლეს უნდა ემსჯელა და დაედგინა ტერიტორიული სივრცე და ამ კანონის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება”, – განაცხადა საია-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, საქართველოს საარჩევნო კოდექსით იხელმძღვანელა, რომელიც ბიუჯეტში წინასაარჩევნო ცვლილებას მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ცვლილების განსახორციელად საკმარისი მტკიცებულებები გააჩნდა და დაადგინა, რომ ბათუმის მუციპალიტეტს კანონი არ დაურღვევია.

გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნული საკითხი საია-ს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია.

banner
წინა სტატიაშიგენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
შემდეგი სტატია“პატრიოტელი” კონსტანტინე მორგოშია საგანგებო მიმართვას ავრცელებს