ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევი იყო და ამჟამად ის ნარკოდანაშაულისთვის პირობით სასჯელს იხდიდა.
დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული კაცი დააკავა.
გამოძიების თანახმად, კაცმა ცოლი ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ კაცი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.