ბათუმის სასამართლო ხვალ მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს.
ინფორმაციისთვის, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ამ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკან დააბრუნა საქმე და მისი განხილვა მოსამართლე გოგუაძეს დაავალა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 6 აგვისტოს მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილები პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ: „მონებო!“
ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეს განაჩენი და ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
















