ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ოჯახის კომპანიამ მერიისგან 23 მილიონზე მეტი მიიღო

სააერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, ქართული ოცნებიდან ბათუმის საკრებულოს წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის წევრების კომპანიამ 2011 წლიდან 2019 წლამდე ბათუმის მერიისგან შესყიდვების სახით 23 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

გამჭვირვალობის თანახმად, კომპანია “აჭარაგანათებამ”, რომელიც თოფურიძის დედასა და ძმას ეკუთვნით, 2019 წლის მაისის ჩათვლით 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან 26 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამ თახნის 82% კი მოდის უკონკურენტო ტენდერებსა და შესყიდვებზე.

94 მოგებული ტენდერიდან 68 ბათუმის მერიას ან მასთან დაკავშირებულ უწყებებს ეკუთვნოდათ.

კომპანია 2010 წელს დააარსა ირაკლი თოფურიძის მამამ, რომელიც იმხანად ბათუმის საკრებულოს წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან. მისი გარდაცვალების შემდეგ კი “აჭარაგანათება” მისმა მეუღლემ და შვილმა გადაიბარეს. თავად ირაკლი თოფურიძე 2017 წლიდანაა საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან.

ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურმა დაადგინა, 2016 წელს კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო 270 200 ლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა, თუმცა ჯარიმა არც კი დაკისრებია. მსგავსი შემთხვევა 2017 წელსაც გამეორდა, როცა მერიამ კომპანიას არ დააკისრა 731 400 ლარიანი ჯარიმა.

აუდიტის სამსახური და საერთაშორისო გამჭვირვალობა საუბრობენ მერიის მიერ არაკონკურენტული გარემოს შექმნაზეც. კერძოდ, მათი ეჭვით, სატენდერო კრიტერიუმები ისეა შემუშავებული, რომ ხელს აძლევდეს “აჭარაგანათებას”.

banner
წინა სტატიაშიკუმისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს-არსებობს ვარაუდი ,რომ მამაკაცი მოკლულია
შემდეგი სტატიაპოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სტუდენტებმა პარლამენტთან კარავი მაინც გაშალეს