ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების პროექტზე საქმის წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

ხმაურის ფონზე მიმდინარე სხდომაზე ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს საქმის წარმოება „რივიერას“ განაშენიანების პროექტზე. ინიციატივას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის, იახტ კლუბისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, დაიწყება საჯარო განხილვები.

„მე, როგორც მერი და ქალაქის გულშემატკივარი, ვერ უგულებელვყოფ მილიარდიანი ინვესტიციის მნიშვნელობას, 2000 ადამიანის დასაქმებას და მხარს ვუჭერ მის განხორციელებას“, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

გადაწყვეტილებას საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოქალაქეთა ჯგუფის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა. სხდომათა დარბაზში მოქალაქეთა მეორე ჯგუფიც გამოჩნდა, რომელიც პროექტის მომხრეა. ისინი საინიციატივო ჯგუფს დაუპირისპირდნენ.

„ეს ადამიანი შემოგზავნეს. ვიცით, რომ დესტრუქციული ძალაა და პროექტის მოწინააღმდეგეებს არ მოგვცეს საუბრის საშუალება, ჩვენ მიერ არჩეული საკრებულო ამ გადაწყვეტილებით გვინგრევს ქალაქს“, – განაცხადა მოქალაქე ზეინაბ დიასამიძემ.

მას მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე დაუპირისპირდა.

„ჩვენც ბათუმელები ვართ, ჩვენც გვაქვს მოსაზრება და აზრის გამოთქმის უფლება, ეს ჯგუფი თუ ეწინააღმდეგება, ჩვენ მივესალმებით პროექტს, მშენებლობას“, – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოქალაქეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

banner
წინა სტატიაში„ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრებმა განათლების სამინისტროს შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს
შემდეგი სტატიაყაჩაღობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა