ბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად, ფერიის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზური ენის სწავლების ჯგუფების გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ზურაბ პატრაძემ მინისტრებთან ერთად ამ ჯგუფებისთვის გამოყოფილი სპეციალური კლასები დაათვალიერა და მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. მოეწყო გამოფენა აფხაზების აჭარაში დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სადაც ხელოვანების კლუბის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თეატრალური წარმოდგენა – „ჩვენ დავბრუნდებით“ გაიმართა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფ საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა სიტყვით მიმართეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამოდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან. იქ დაისვა საკითხი აჭარაში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და ერთობლივი მუშაობის შედეგად დღეს, პირველად, ორ საჯარო სკოლაში ჩვენს თანამემამულეებს აფხაზური ენის შესწავლის საშუალება მიეცათ. რეგიონში გვყავს არაერთი წარმატებული აფხაზი. აჭარაში 2000-მდე შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ემსახურებიან სამშობლოს, მშვიდობას, ურთიერთობების დამყარებას, გაძლიერებას და შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

დღევანდელი ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

განათლების ფონდის მიერ პედაგოგებთან გაფორმდა ხელშეკრულების საფუძველზე თითოეული ჯგუფისთვის კვირაში ოთხი საათი ჩატარდება.

განათლების ფონდი სახელმძღვანელოებით მომარაგებასაც უზრუნველყოფს. სკოლის ინიციატივით, სპეციალურად დაიბეჭდა აფხაზური ენის 1991 წელს გამოცემული სახელმძღვანელო დედა ენა და ასევე, აფხაზური ენის თვალსაჩინო ანბანი.

banner
წინა სტატიაშიუმჯობესი იქნებოდა ზოგადად იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს ვეტო – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიამძიმეა იმის მოსმენა, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა – პრეზიდენტი ქართველ სამხედროებზე