21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ბათუმის რესპუბლიკურში ექიმები “ემერჯენსის” უფროსის სავარაუდო გათავისუფლებას აპროტესტებენ

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი დახმარების განყოფილების („ემერჯენსის“) ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდასაჭერი აქცია გამართა. ექიმების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბოლქვაძეს თანამდებობისა და კლინიკის დატოვებას აიძულებს.

დაპირისპირების მიზეზი 2026 წლის ივნისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

როგორც “ბათუმელები” იუწყება, გადატვირთული განყოფილებისა და ადგილების არქონის გამო, ექიმმა 112-ის ოპერატორს მძიმე პაციენტის მიღებაზე განუმარტა, რომ რესურსი ამოწურული იყო. მას შემდეგ, რაც ოპერატორმა მინისტრის ბრძანებაზე მიუთითა, ბოლქვაძემ უპასუხა: „წაიყვანეთ მინისტრთან“. ექიმის თქმით, პაციენტი იმავე დღეს მაინც მიიღეს სტაციონარში და რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ბოლქვაძის განცხადებით, აგვისტოში მიხეილ სარჯველაძე კლინიკაში 112-ის ფარული ჩანაწერით მივიდა, საუბრისას აგრესიული იყო და არაეთიკური ფრაზის გამო მოხდილი ბოდიშის მიუხედავით, სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. ექიმის თქმით, 1-ელ ოქტომბერს მას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც შეხვდა და „ზედმეტი ხმაურის გარეშე“ წასვლა სთხოვა.

მედპერსონალი აცხადებს, რომ სამინისტრო სისტემური პრობლემებითა და პაციენტების უსაფრთხოებით არ დაინტერესებულა. ექიმები ბოლქვაძის გათავისუფლების იურიდიულ საფუძველს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მისი წასვლის შემთხვევაში კლინიკას ისინიც დატოვებენ.

banner
წინა სტატიაში60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: მტერი გვაჯერებდა, რომ ქართველების ბედი რუსეთის მსახურებაა