ბათუმის მერიაში ხმაური იყო

ბათუმის მერის კაბინეტში ხმაური იყო. არჩილ ჩიქოვანთან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია მივიდა და კონკრეტულ კითხვებზე პასუხი მოითხოვა. მერი მათ კაბინეტში შეხვდა. ოპოზიციის პრეტენზიები უკავშირდებოდა მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.

დეპუტატ რეზო ხარაზის განცხადებით, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 119 ობიექტიდან 49-ის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, ამიტომ მისი შეფასებით, ეს არის კორუმპირებული უწყება.

„რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ობიექტზე იარაღით მივიდა. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამშრომლები იარაღით უნდა დადიოდნენ? მოახდინეთ რეაგირება, შეუჩერეთ უფლებამოსილება ცოტა ხნით მაინც. აგვიხსენით ასევე, რატომ შენდება უნებართვოდ ლეონიძის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კვარტალი“, – მიმართა მერს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რეზო ხარაზმა.

მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ყველა ფაქტთან დაკავშირებით, მერიის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობს სამართლებრივი ღონისძიებები კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

„როცა ერთ-ერთ ობიექტზე შესულ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს იქ მომუშავეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად გამოძიების შედეგების შესაბამისად გატარდება ღონისძიებები. არ არის საჭირო ეს მასკარადი“, – განაცხადა ბათუმის მერმა.

შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მერმა იმ მოტივით, რომ თათბირზე გადიოდა, კაბინეტი დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები კაბინეტიდან გასვლას არ აპირებდნენ. წინაააღმდეგობის მიუხედავად, დეპუტატები მერის კაბინეტიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. ხმაური დერეფანში გაგრძელდა. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი მივიდა, ის პოლიციას მოუწოდებს, დატოვოს შენობა და მერის კაბინეტში შესვლას ცდილობს.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ უკანონო ობიექტის შემოწმებაზე მისულ თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

„აეროპორტის გზატკეცილიზე, 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე, მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა, საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია. ამასთან დაკავშირებით, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

აღნიშნული ობიექტი, მუნიციპალური ინსპექციის მიერ, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე ეტაპობრივად ათჯერ დააჯარიმეს“, – ნათქვამია განცხადებაში

 

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი: არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი
შემდეგი სტატია  თიბისისთან პარტნიორობით Forbes Georgia-ს  პროექტი 30 UNDER 30  დაიწყო