“ბათუმი ევროპაა და მასზე მომავალშიც სულ უფრო ნათლად აისახება ევროპის კეთილდღეობა”

ბათუმი არის ნამდვილი ევროპული ქალაქი, რომელიც უძველესი დროიდან მდებარეობდა ბერძნული, რომაული და ოსმალური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მე-13 საერთაშორისო კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა” გახსნისას განაცხადა, რომელიც ბათუმის სასტუმრო “ჰილტონში” მიმდინარეობს.

დღეს აქ განლაგებულია ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი, ევრაზიის ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და აღმოსავლეთს ევროპასა და დასავლეთთან. მომდევნო რამდენიმე ათწლეულში ბათუმი იქცევა ცენტრად, სადაც, ევროპასა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობის შედეგად, თავს მოიყრის ტრილიონობით დოლარი, ადგილად, საიდანაც ევროპა თვალყურს გაადევნებს დინამიური ეკონომიკური ძალების მიერ ჩვენი კონტინენტის გარდაქმნის პროცესს.

ჩვენი მზერა ბათუმიდან წვდება თურქეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, ჩვენს პარტნიორებს შავი ზღვის სანაპიროზე და NATO-ს წევრ ქვეყნებს. ბათუმი ევროპაა და მასზე მომავალშიც სულ უფრო ნათლად აისახება ევროპის კეთილდღეობა, აყვავება და ხვალინდელი დღე.

შესაბამისად, მართებული და ნიშანდობლივია, რომ ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ამ ევროპულ ქალაქში ტარდება. ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოში. გამოვთქვამ იმედს, რომ გექნებათ დრო, რათა გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ულამაზეს ბუნებას, კულტურულ საუნჯეს, საქვეყნოდ ცნობილ სამზარეულოსა და ღვინოს და ჩვენი საერთო ევროპული სახლის უნიკალურ მაგალითებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერი: ჩემი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია