ბათუმელი მედროშე: “უკვე 42-ე დღეა ვშიმშილობ…თავი გადადებული მაქვს ჩემი სამშობლოსთვის და ჯერჯერობით ვუძლებ”

შიმშილობის 42-ე დღე ციხეში – ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც სასახლის ღობის საქმეზე დააკავეს, ამ დრომდე მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას და უარს აცხადებს საკვების მიღებაზე.

ვშიმშილობ, რომ ყველას გულამდე მივაწვდინო რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ – წერს ბათუმის საპროტესტო აქციების სტაჟიანი წევრი საკუთარ მხარდამჭერებს ციხიდან.

ამავე წერილით ვიგებთ რომ ჭავჭანიძე მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავად არ უჩივის.

„ხალხო, ძალიან მიყვარხართ.
მომენატრეთ, თქვენი სიყვარული და თანადგომა მაძლიერებს აქ, ციხეში. ვიცი, რომ ღელავთ ჩემზე, უკვე 25 დღეა ვშიმშილობ [ზურა ჭავჭანიძე დღეს, 26 დეკემბერს, უკვე 42-ე დღეა შიმშილობს – რედ]. მე როგორც ვთქვი, თავი გადადებული მაქვს ჩემი სამშობლოსთვის და ჯერჯერობით ვუძლებ, სანერვიულო არაფერი მჭირს, მუდმივად ექიმების კონტროლის ქვეშ ვიმყოფები. ჯერჯერობით კოსმონავტის წნევა მაქვს, როგორც ექიმები მეუბნებიან. აქამდე საერთოდ არ ვიცოდი, რამდენი იყო ჩემი წნევა. ასე შინაურულად იმიტომ ვწერ, რომ ყველას ჩემს შინაურებად აღგიქვამთ”, – ამბობს მოშიმშილე აქტივისტი.

ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში აქციის დროს დააკავეს. სოხუმიდან დევნილი აქტივისტი, გასული წლის ნოემბრიდან, საჯაროდ აკრიტიკებს და აპროტესტებს „ივანიშვილის ხელისუფლების“ პოლიტიკას, რომელსაც რუსულ კურსს უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიაქცია-პერფორმანსი რუსთაველზე – “ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვების გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეიკრიბონ”
შემდეგი სტატიადღეს სასამართლო ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს