ბათუ ქუთელია: საქართველოში საქმე „გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ჩვენ, ამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე სუბიექტებმა ისე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეაფასეს როგორც საგანგაშო – საგანგაშოა იმიტომ, რომ ყველა აფასებს როგორც დაკარგულ შესაძლებლობას ჩვენი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ პარტიის „ელენე ხოშტარია-დროა“ დამფუძნებელმა ბათუ ქუთელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაზეც საქართველოს პარტნიორებიც საუბრობენ, იყო წაშლილი ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის რესურსებს შორის.

ქუთელიას შეფასებით, ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოში საქმე „გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან“.

„სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებენ ერთი პოლიტიკური პარტიის ან გუნდის ინტერესების სასარგებლოდ.

იყო დარღვევების მთელი კასკადი, რაზეც საუბარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაში: დაწყებული მოსყიდვა, ძალადობა, ამომრჩევლებზე ზეწოლა, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, ასევე ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენება ერთიანობაში ბუნებრივია ქმნის განცდას და აღქმას ჩენს პარტნიორებში რომ ეს იყო არასამართლიანი არჩევნები აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ აღქმების გაძლიერება და დასაბუთება კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტებით.

სწორედ ამიტომ პარტიამ „დროა“ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც ეხება საარჩევნო პროცესის არასათანადო ასახვას ან მანიპულირებას, შევიტანოთ სარჩელები და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დავიწყოთ. ველოდებით ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომ მაქსიმალური რესურსები მივმართოთ იმისთვის, რომ არცერთი ხმა არ იყოს დაკარგული და ყველა სამართლადარღვევას გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა ქუთელიამ.

მან ვაკის ოლქში აღმოჩენილი დარღვევების თაობაზე ისაუბრა.

ვაკის საარჩევნო ოლქში, საარჩევნო უბნების 90 %-ზე მეტში ფიქსირდება ბიულეტენების ნაკლებობა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მასიურად არის გამოყენებული სხვადასხვა სახის ე.წ. საარჩევნო კარუსელი.

რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ხარვეზიანი ბიულეტენების მიტანა საარჩევნო უბნებზე. მერობის კანდიდატისთვის განსაზღვრულ ბიულეტენებზე დატანილი იყო მაჟორიტარობის კანდიდატების მონაცემები. საარჩევნო უბნებზე მიტანილი ბიულეტენების დასტებში იყო კანონით განსაზღვრულზე მეტი ან ნაკლები რაოდენობის ბიულეტენი. აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს კენჭისყრის პროცესის მანიპულირებისათვის მოჭარბებული რისკის შემცველ ფაქტორებს.

რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მაგალითად, მე-6 და 78-ე უბნებზე შეინიშნება დასაშვებზე ბევრად დიდი განსხვავება მაჟრიტარულ, პროპორციულ და მერობის კანდიდატის ბიულეტენებში არსებულ ხელმოწერებს შორის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის განკუთვნილი ბიულეტენები გაიცა უფრო მცირე რაოდენობით.

შემაჯამებული ოქმების ნაწილში მექანიკურადაა გადასწორებული კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა. არ არსებობს შესწორების ოქმები, რაც საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

სისტემურად ვხვდებით ფორმალური ხასიათის დარღვევებს – შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე ბეჭდისა და ხელმოწერის არარსებობას.

საარჩევნო ოქმების ნაწილში არ არის მითითებული ან მექანიკურადაა ჩასწორებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ბათილი ბიულეტენებით მანიპულირება საარჩევნო შედეგების ზემოქმედების სქემაში ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია.

საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ადამიანები უხეშ ზემოქმედებას ახდენდნენ ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვაზე.

წყნეთში არსებულ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მათ მიმდებარედ მობილიზებული ჯგუფების არსებობის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეები და უბანთან მდგარი პოლიციის თანამშრომლები გამოირჩეოდნენ უმოქმედობით.

კომისიის თავმჯდომარეები უფლებას არ აძლევდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, დაეწერათ საჩივრები დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებში. საჩივრის წარდგენის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები, განსაკუთრებით კომისიის თავმჯდომარეები, გამოირჩეოდნენ აგრესიულობით.

ზემოთ მოცემული დარღვევების ფონზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი 1%-ით გადასცდა პირველ ტურში გასამარჯვებლად დადგენილ ბარიერს. ვაკის საოლქო კომისიაში ჩვენს მიერ წარდგენილია საჩივრები, რომელთა მეშვეობითაც მოვითხოვთ უბნების ნაწილის ხელახლა გადათვლას“ , – აღნიშნა ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაში“ოცნება”მეორე ტურში გადაყვანის მიზნით გამარჯვებული კანდიდატის ოქმებს აუქმებს
შემდეგი სტატიაჯიმ რიში – საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს