„ბასიანთან“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი – არც ერთ დაჭრილს შემავალი ჭრილობა არ აქვს და ატეხილი მითქმა-მოთქმა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა

ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ “ბასიანის” დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაო სამართლიანად შეუფარდა.

როგორც თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას სხვადასხვა გარემოება გაითვალისწინა, მათ შორის ის, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, თანამშრომლობს გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფრთხეები არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებაზე დაწყებული განხილვები სასამართლოს საქმიანობაში აშკარა ჩარევაა.

“მითქმა-მოთქმა რომ არის და ასეთი კომენტარები კეთდება, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩაერიო სასამართლოს მუშაობაში. აშკარა ზემოქმედებაა სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე. სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. თუ ვინმე არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს კანონის მიხედვით. პროკურატურამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. ხვალ არის ჩანიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლოში და გადაწყვეტს სასამართლო, სწორი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუ არა. მე ვთვლი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო”, – განაცხადა ზაზა მესხმა.

ადვოკატის თქმით, მან ბრალდებულისთვის 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს 30 ათასის გადახდა დააკისრა.

“საქმეზე მიდის ძიება. მხოლოდ ერთადერთი მუხლია მძიმე, რომელიც ბრალად აქვს შერაცხული, თუმცა ჯერ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები. გასარკვევია ის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რამ გამოიწვია და როგორ მოხდა ამ დაზიანებების მიყენება. არც ერთი ჭრილობა არ არის შემავალი და შესაბამისად, თუ ვარაუდია, რომ მას უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება უნდოდა, ეს ფაქტი ამ ყველაფერს გამორიცხავს”, – აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს – 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს – 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს – 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი – ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულ პირს, გირაოს სანაცვლოდ 30 000 ლარი შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი – საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი სტაბილურია
შემდეგი სტატია,,როცა პირი ადამიანებს ასეთ სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებს და გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება, სერიოზულ კითხვებს აჩენს”