ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი 15 მარტს დასრულდება

დავით ნარმანიამ კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა.

თბილისის მერი დავით ნარმანია ბარათაშვილის ხიდსა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა.

თბილისის მერთან ერთად, ობიექტებზე ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდნენ.

თბილისის მერის დავალებით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 15 მარტს დასრულდება.

“ბარათაშვილის ხიდზე, ზემოთ, მთლიანად მოძრაობა თავიდან ბოლომდე უნდა აღდგეს 15 მარტისთვის, ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა, ისევე, როგორც ხარისხიანად სამუშაოების შესრულება ყველა კომპანიასთან მიმართებაში არის ჩვენი უმკაცრესი მოთხოვნა. ამიტომაც, ვაწარმოებთ ყველა პროექტის მონიტორინგს, რათა შევამოწმოთ პროექტების მიმდინარეობის ვადიანობა, თუ რამდენად დროულად ასრულებენ სამუშაოებს და ასევე შევამოწმოთ ხარისხი. შესაბამისად, მიეცათ მშენებელ კომპანიებს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად იმუშაონ და ჩვენი ზედამხედველობის და ასევე, კეთილმოწყობის სამსახური უმკაცრეს მონიტორინგს განახორციელებენ პროექტის მიმდინარეობასა და ხარისხიან შესრულებაზე. მედიის მეშვეობით, ჩვენ გვსურს ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ქალაქში. 2016 წელი ძალიან აქტიური სამუშაოების წელი იქნება”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული,

დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, სრულდება მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე. მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და ბორდიურზე ახალი ფილების დაგება. სამუშაოების დასრულების შემდგომ, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება.

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “ენ სი სი” აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 1,970,000 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები. ობიექტზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მომზადდა პლატფორმა და მიმდინარეობს ბურჯებისთვის ხიმინჯების მოწყობა.

რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი, კვლავ, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს – თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს
შემდეგი სტატია“წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება მინიმუმ ღიმილს მგვრის”