ბარამიძე – პარტიის ყრილობა რამდენიმე თვეში ჩატარდება, ამიტომ მგონი, არავისთვისაა პრობლემა, რომ ამ თვეებში ჩამოყალიბდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეუძლია, რომ მანიფესტს ხელი ფიზიკურად არ მოაწეროს და საჯაროდ მიუერთდეს მას.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია პარტიიდან ოფიციალურად გავიდა, ვინაიდან, ამის შესახებ საჯაროდ გააკეთა განცხადება, თუმცა შეუძლია, რომ პარტიაში დაბრუნდეს და ახალ პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდეს.

„ყრილობა რამდენიმე თვეში ჩატარდება, ამიტომ, მგონი, პრობლემა არაა არავისთვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდეს. ნიკა მელია, სამწუხაროდ, პარტიიდან გავიდა და ეს ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა. ის [პარტიიდან] ოფიციალურად არის გასული. გასვლა წესდებით, საქართველოს კანონმდებლობით, ორი გზით ხდება. ერთია წერილობით, მეორე, ოფიციალური საჯარო განცხადებით. საჯარო განცხადებით გააკეთა ეს ნიკამ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ის წინადადება, რაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს მანიფესტში, არ ეხება. ითქვა, ლევან ხაბეიშვილის მხრიდანაც, რომ კარი ყველასთვის ღიაა, ვინც კი, წინა პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მანიფესტზე ფიზიკური ხელმოწერა აუცილებელი არ არის, უბრალოდ, საჯაროდ მიერთებაც საკმარისია. ნიკასაც შეუძლია დაბრუნდეს პარტიაში და ახალ პოლიტიკური საბჭოს შემოუერთდეს. მანიფესტი არის ერთობისა და არა ვინმეს პარტიიდან გაშვების, მით უმეტეს, გაგდებისა და გარიყვის დოკუმენტი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, არის და მომავალშიც, ღმერთმა არ მოშალოს. ოღონდ ერთი რამ არის – ჩვენ უნდა შევძლოთ და უკეთესად გავაკეთოთ ის, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობები ისეთ პროცესში არ გადაიზარდოს, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები, ამ მომენტში, კონკრეტულად, საქართველოს მოღალატეობრივი ძალა და „ნაციონალურ მოძრაობის“ განადგურებაზე ორიენტირებული „რუსული ოცნება“ ამას სათავისოდ გამოიყენებს“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ამასთან, ბარამიძე ჟურნალისტის შესაბამისის კითხვის საპასუხოდ ადასტურებს, რომ ნიკა მელიამ მანიფესტს ხელი პარტიის ყრილობამდე უნდა მოაწეროს.

ბარამიძის განცხადებითვე, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს მეტი პოლიტიკური ლეგიტიმაცია სჭირდება და საჭიროა, რომ ძველი პოლიტიკური საბჭოს წევრები ახალშიც იყვნენ.

„ვსაუბრობთ მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე. მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაში მოიკოჭლებს ეს პოლიტიკური საბჭო. ამის აღიარებაა ამ დოკუმენტში. სწორედ, ამისათვის გვჭირდება, დაბრუნდნენ ჩვენი ის კოლეგები, მეგობრები და თანამებრძოლები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ძველ პოლიტიკურ საბჭოში წარმოადგენდნენ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი სიმონიანის განცხადებაზე – რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ
შემდეგი სტატიათალაკვაძე – რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები თუ ვინმეს უხარია, ოპოზიციაა