ბარამიძე – დღეს მთავარი აქცია იქნება, შემდეგ გაგრძელდება შედარებით მომცრო აქციები რეგიონებში

მჯერა, რომ დღეს, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე შეიკრიბება ყველა ის ადამიანი, რომელსაც მობეზრდა საქართველოს უკუსვლა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ყველა მისი ინსტიტუტის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ლარის განადგურება, რომელსაც მობეზრდა საქართველოს კრიმინალიზაცია, კორუფცია, ქურდბაცაცობა და გაჩანაგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

„აქციაზე იქნებიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერები, უპარტიოები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები, ერთად აღებული და ცალ-ცალკე, შესაბამისად, არ გვინდა ამ ქვეყანაში ვინმე პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყოს და მით უმეტეს არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ციხეში იჯდეს ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რომ ორგანიზაციულად სხვადასხვა პარტიები აქ არ იქნებიან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ პარტიების ლიდერები და მით უმეტეს ამომრჩევლები, აქ იქნებიან, რადგან გვჯერა, რომ ყველა ამ პროდასავლურ პარტიას აქვს გაცნობიერებული თავისი როლი ქვეყნის წინაშე. დღეს აქ ყველა ის ადამიანი იქნება, ვინც მხარს უჭერს, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ასევე ცვლილებებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხის მისვლას ხელი შეუშალონ.

„არავისთვის გასაკვირი არაა, რომ ამ რეჟიმის სასოწარკვეთილი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც პირწმინდად დამარცხდნენ, რომ ხალხს ხელი შეუშალონ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ. ცოცხები, რომლითაც ისინი დარბიან არის სიმბოლო, რომ სწორედ ამ ცოცხებით გაიხვეტებიან საქართველოს ხელისუფლებიდან. ფალსიფიცირებული სცენით და ხალხის მოტყუებით, ცხრა თვის ბავშვის ქვევრში ჩახრჩობის სპეკულირებით და ტყუილებით მოვიდნენ, ის ცოცხები, რაც ხელში უჭირავთ, იმ ცოცხებით გაიხვეტებიან. ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოხდება, იმ ადამიანების მიერ, რომელიც ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობაა. დღეს მთავარი აქცია იქნება, შემდეგ გაგრძელდება შედარებით მომცრო აქციები სხვადასხვა ჯგუფების მიერ, იქნება რეგიონებში, თბილისში, ციხესთან. ყველანი ერთად ვემზადებით 30-სთვის , როდესაც შედგება იმ რეფერენდუმის მეორე ტური, რომელშიც უნდა განისაზღვროს არა მარტო მერების ადგილებზე გვარები და სახელები, არამედ მომავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედიც“, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვას წაიკითხავენ
შემდეგი სტატიახოშტარია – მოძალადის მხრიდან პრეზიდენტის დასჯა მიუღებელია