ბარაკ ობამამ ქართველი სამხედრო ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოვა

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ვასილ ყულჯანიშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოვა. დაღუპულის ოჯახს ჯილდო ბარაკ ობამას სახელით თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადასცა.

ჯილდოს გადაცემა რუსთავში ვასილ ყულჯანიშვილის საფლავზე მოხდა. მინისტრმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს დედას, სიმბოლურად, შეერთებულ შტატებში აღმართული, შტატების არმიის 101-ე დივიზიის III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მემორიალის ის ფოტოც გადასცა, სადაც ქართველი მებრძოლის ვასილ ყულჯანიშვილის გვარი და სახელია ამოტვიფრული.

21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“ნადვილად სასაცილოა”- ალეკო ელისაშვილი მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი კირკიტაძე მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს