ბარაკ ობამა : ისტორია განსჯის ფიდელ კასტროს უზარმაზარ გავლენას მსოფლიოზე

ისტორია განსჯის ფიდელ კასტროს უზარმაზარ გავლენას მსოფლიოზე – ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებას.
ბარაკ ობამას განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი კუბელ ხალხს მეგობრობის ხელს უწვდის.
„ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდით, რომ წარსული უკან მოგვეტოვებინა და გვეშენებინა მომავალი, რომელიც დამყარებული იქნებოდა არა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსხვავებებზე, არამედ იმ ბევრ საერთო ფაქტორზე, რაც ამერიკასა და კუბას აკავშირებდათ – კულტურა, ოჯახები“ – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ბარაკ ობამას წერილში წერია, ამერიკელი ხალხის ფიქრები ახლა კუბელი ხალხისკენ არის მიმართული. მისი თქმით, კუბელები უკან დაიტოვებენ წარსულს და მომავლისაკენ დაიწყებენ ყურებას. გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კუბის პარტნიორი და მეგობარია.
„ეს მომენტი, კუბაშიც და ამერიკაშიც ძლიერი ემოციებით არის სავსე. ეს ემოციები გამოხატულია სხვადასხვა ფორმით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასოციაციასა და ემოციებს აღძრავს ფიდელ კასტრო კონკრეტულ ადამიანებში, ოჯახებსა და კუბელ ერში. ისტორია იმახსოვრებს და განსჯის იმ დიდ გავლენას, რასაც თითოეული გამოჩენილი ადამიანი ახდენს მსოფლიოზე“ – აღნიშნულია ობამას განცხადებაში.
მანამდე ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა დონალდ ტრამპმა – „ფიდელ კასტრო მკვდარია!“ – ასე გამოეხმაურა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი კუბის ყოფილი ლიდერის გარდაცვალებას.
ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო, მის ოჯახსა და კუბას საქართველოს პრეზიდენტმაც მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კუბის ყოფილ პრეზიდენტს მთელი ეპოქის სიმბოლო უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდიეგო მარადონამ ღრმა მწუხარება გამოთქვა კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა