ბაქრაძე წულუკიანის განცხადებაზე – ეს ის საქციელია, რომელსაც რუსეთის მთავრობის წევრი უცხოეთში სჩადის, როდესაც მას სახელისუფლებო კორუფციაზე აკრიტიკებენ

დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე, დაუპირისპირდა არასამთავრობოებს, მედიას, ოპოზიციურ სპექტრს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კოპენჰაგენში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი ნაცვლად იმისა, რომ პასუხს სცემდეს სახელისუფლებო კორუფციის შესახებ კითხვას, იგი საჯაროდ ეჩხუბება არასამთავრობო სექტორს.

„ეს არის ის საქციელი, რომელსაც მაგალითად სჩადის რუსეთის მთავრობის წევრი უცხოეთში, როდესაც მას აკრიტიკებენ სახელისუფლებო კორუფციაზე. დღევანდელი ხელისუფლება მივიდა იქამდე, რომ მას აღარ აქვს პასუხები საზოგადოების კითხვებზე, რომ მას აღარ აქვს არგუმენტები საერთაშორისო კრიტიკის მოსაგერიებლად და მივიდა იქამდე, რომ დაუპირისპირდა არსამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიან ოპოზიციურ სპექტრს, დაუპირისპირდა მედიას და ჟურნალისტებს. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, ამ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა და 28 ოქტომბრის არჩევნები უნდა გამოვიყენოთ სწორედ იმისთვის, რომ წერტილი დავუსვათ ხელისუფლებას და მასთან ერთად კორუფციას, მასთან ერთად უიმედობას და ჭაობს, რომელშიც დღეს ვართ და ქვეყანა მშვიდობიანად ყოველგავრი დაპირისპირების რევანშის გარეშე წავიყვანოთ წინ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის ბრალდებებს კახა კალაძე იუმორით და საპასუხო სატელეფონო საუბრით პასუხობს
შემდეგი სტატიაგაზსა და ელექტრო ენერგიაზე შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფების გაიზარდოს – გაზმომარაგებაზე მომუშავე კომპანიებმა სემეკს მიმართეს