ბაქრაძე: საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებული განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა დაზაფრა.

ბაქრაძის თქმით, ხუთი დღეა, საზოგადოება დაზაფრულია ინფორმაციით, რომ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა, დღეს კი -პროკურატურა აცხადებს, რომ საუბარი ილია მეორის შესახებ არ ყოფილა.

„ხუთი დღეა მოსახლეობა და სრულიად საქართველო დაზაფრული ისმენს ინფორმაციას, პატრიარქზე შესაძლო შეტევისა და მისი მოწამვლის მცდელობის შესახებ. ხუთი დღეა, თითოეული ჩვენგანი ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად დაცულია მისი უწმინდესობის უსაფრთხოება.

მოვისმინეთ განცხადებები პრემიერისგან, ვიცე-პრემიერისგან, იუსტიიის მინისტრისგან, უმრავლესობის წევრებისგან, იმ უმძიმესი დარტყმის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფოსა და ეკლესიას ააცილა და დღეს, პროკურატურის მიერ გაირკვა, რომ თურმე უწმინდესზე რაიმე ტიპის ტერორისტული აქტი, ან მისი მოწამვლის მცდელობა არც კი იგეგმებოდა. ძალიან ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც არც კი ვიცი, როგორ შევაფასო ეს ფაქტი“, – აცხადებს ბაქრაძე.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობს.

„არსებობს ორი შესაძლო ვერსია, პროკურატურამ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება დაწყებული პრემიერით და გაგრძელებული საპარლამენტო უმრავლესობით და უბრალოდ, არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია, რაზე იყო გამოძიება, რაზე უნდა ესაუბრათ უმაღლესი თანამდებობის პირებს. უაღრესად საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა. მეორე ვერსია ის არის, რომ ამ თემისა და პატრიარქის სახელის გამოყენებით, მათ სურდათ, შეექმნათ ტალღა, რომელიც ქვეყანაში სხვა თემებს გადაფარავდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი პროკურატურას მოუწოდებს, აღნიშნულ საქმეზე ყველა ინფორმაცია გასაჯაროვდეს.

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერებით – ციანიდით მოწამვლა იგეგმებოდა, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განმარტა, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის.

banner
წინა სტატიაში“ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა”- მეუფე ანდრია
შემდეგი სტატიასააღდგომო არდადეგები აღარ იქნება – დასვენების ახალი განრიგი სკოლებში