ბაქრაძე: განვაგრძობთ აქციებს, რომელიც მშვიდობიანი და არაძალადობრივი იქნება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. მისივე თქმით, პარტიები კიდევ ერთხელ შეთნხმდნენ იმ სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც ბრძოლას განაგრძობენ.

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ დღეს შედგა პოლიტიკური კონსულტაციები ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის, ეს გახლავთ – „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ამ კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც ვაგრძელებთ ჩვენს ოპოზიციურ ბრძოლას.

პირველი – აქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი. ჩვენ დავინახეთ, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციის ძალდობრივი დაშლით ხელისუფლებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ მზად არის ჩაითრიოს ქვეყანა ძალადობაში და სამოქალაქო დაპირისპირებაში. ამის პასუხი ჩვენგან იქნება ძალიან მტკიცე, განგრძობითი აქციები, ოღონდ ეს აქციები იქნება რა თქმა უნდა, მშვიდობიანი და არაძალადობრივი, ჩვენი ძალა არის მშვიდობიან აქციებში. ამიტომ, მივმართავ და მოვუწოდებ შსს-ს, არ დაუშვას პოლიციის ახლო კონტაქტი მოქალაქეებთან, მივმართავ და მოვუწოდებთ ყველა დემონსტრანტს, არ შევიდეს ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან, ვინაიდან ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება პოლიტიკურ მშვიდობიან პროტესტს. ამიტომ პირველი ამბავი რაზეც დღეს კიდევ ერთხელ შევთანხმდით და ხაზს ვუსვამთ – პროტესტები გაგრძელდება, ოღონდ პროტესტები იქნება მთლიანად მშვიდობიანი და არაძალადობრივი.

მეორე პრინციპი რაზეც დღეს შევთანხმდით, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდეთ დიალოგის პროცესში, მაგრამ დიალოგი შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ საქართველოში ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემაზე. სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით და ძალდობისგან თავისუფალი გარემოთი, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გამოშვებას და ქვეყანაში ზეწოლისა და ძალადობრივი ჯგუფების დაშლას. მესამე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ამ პირობებში ჩვენ ვერ მოვახდენთ არალეგიტიმური არჩევნების დაკანონებას, არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვაცხადებთ პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ამიტომ, ეს სამი ძირითადი პრინციპი – უარი ძალადობაზე და მშვიდობიანი აქციები, დიალოგი ახალი არჩევნების გამართვის თაობაზე უცხოელ პარტნიორებთან ერთად, არსებულ პარლამენტში არ შესვლა და მეორე ტურების ბოიკოტი – ეს სამი ძირითადი პრინციპი კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ დოკუემენტს ახლა გავაცნობთ სხვა პარტიებს უფრო ფართო ფორმატში და იმედი გვაქვს, სხვა პარტიებიც გაიზიარებენ აქ ასახულ ძირითად პრინციპებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმელია- ძალიან სამწუხაროა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ ადამიანურადაც გული დაგვწყვიტა
შემდეგი სტატიაუგულავა – გრიგოლ ვაშაძის განმარტება ჩემთვის საკმარისია