ბაქრაძე: ერთიანი სია ენმ-მ საჯაროდ შემოგვთავაზა, რაზეც საჯარო უარი განვაცხადეთ

“ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე გაეცა საჯარო უარყოფითი შეფასება ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ერთიანი სია ნიშნავს დაფრთხობას ყველა იმ ამომრჩევლის, ვისაც არ უნდა არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი”. – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ენმ-მ ევროპულ საქართველოს არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა სააკაშვილს უნდა მიეღო, ენმ კი დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

ბაქრაძის თქმით, ტყუილია ინფორმაცია თანამდებობების შეთავაზებაზეც. მისი თქმით, მათი ამოცანა არა თანამდებობების განაწილება, არამედ ხალხისთვის გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა.

“ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება ერთპარტიული მართვა და უნდა იყოს მრავაპლარტიული მთავრობა. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ერთიანი სია, ამიტომ ჩვენი პოზიცია ამაზე იყო თავიდანვე მკაფიოდ უარყოფითი

რაც შეეხება, თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი, არანაირი საუბარი ამაზე არ ყოფილა და არც მივიღებდით, ვინაიდან ჩვენი ამოცანა გახლავთ არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოთხი მილიონი ქართველისთვის, რომელიც დღეს არის კრიზისულ და უმძიმეს მდგომარეობაში”. – ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ თემის წამოწევა ემსახურება იმას, რომ გადაფაროს მთავარი პრობლემა – რატომ არ დათანხმდა ნაციონალური მოძრაობა ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებს.

“ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში იქნებოდა გარანტირებული გზა პირველივე ტურში დაგვემარცხებინა ქართული ოცნება.

სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია ერთპარტიული გამარჯვების სტრატეგია, უარი თქვა ამ შეთანხმებაზე და თბილისში მიღწეული შეთანხმება ჩაშალა, ისანში. ამიტომ, მთავარი პრობლემა დღეს გახლავთ სწორედ ის, რატომ არ ყავს ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები და არა რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებზე და სკამებზე”. – ამბობს ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკაში სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს
შემდეგი სტატიაგოცირიძე : ყველა ბერკეტი, რომლითაც ლარი უნდა ყოფილიყო გამყარებული, მოშლილია