ბაქრაძე: ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებიდან მოდის, არის ადამიანების მუდმივი დაშინება არეულობით

„ქართული ოცნება” აგრძელებს საზოგადოების დაზაფვრას და დაშინებას და ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებიდან მოდის, ეს არის ადამიანების მუდმივი დაშინება არეულობით, სისხლით, რევოლუციებით, მკვლელობებით, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა.

„ეს არის გუნდი, რომელსაც არ შეუძლია პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, კარგზე ლაპარაკი და საზოგადოებისთვის გაკეთებული საქმის შეთავაზება, ამიტომ ერთადერთი, რითაც ინარჩუნებენ ხელისუფლებას, არის სწორედ ადამიანების მუდმივი შიშის რეჟიმში ყოლა. ეს გაგრძელდა დღესაც, როცა კიდევ ერთი მცდელობა ვნახეთ საზოგადოების დაზაფვრის, რომ ვიღაცა ვიღაცის მოკვლას აპირებს”, – განაცხადა ბაქრაძემ.მან დღეს ელენე ხოშტარია მოინახულა და როგორც აღნიშნა, ხოშტარია არის მხნედ, თუმცა, ადამიანების რესურსი ამოუწურავი არ არის. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

“ელენე განწყობით ძალიან მხნედ არის, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის ორგანიზმი, რესურსები ბუნებრივად განიცდის იმ პროცესს, რაც არის ერთკვირიანი შიმშილობის პროცესი, ამიტომ, მისი რესურსიც არ არის ამოუწურავი ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის და გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. პოლიტიკური თემები შეიძლება ოპოზიციამ გააპროტესტოს და ეს იყოს ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესი, ოღონდ იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უნდა შევთანხმდეთ და დრო არ გვაქვს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბობოხიძე: ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კანონის საწინააღმდეგო რაიმე ტიპის მოქმედება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, იქნას აღკვეთილი
შემდეგი სტატიაპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე “მამის დღის” დაწესებაზე მსჯელობენ